вторник, 25 мая 2010 г.


რუსთავი — თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ


გეოგრაფიული ცნობები

რუსთავი ქვემო ქართლის მხარის ყველაზე მსხვილი ქალაქია და მდებარეობს 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე. მას უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრ მანძილზე. სამხრეთიდან და დასავლეთიდან რუსთავს ესაზღვრება იაღლუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. მას ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მტკვარი (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო; ძველი და ახალი რუსთავი).

რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა — ს-4 „თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“, სიგრძე 28 კმ (ყოფილი აბრეშუმის გზა)


ისტორია

რუსთავის ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი.

უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა. განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიაში.

ქალაქის წლოვანება

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია [1]. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს: „ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. არსებობს ლეონტი მროველის მეორე ცნობაც, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას[2][3] დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, სარკინე, რუსთავი და სხვა. ამიტომ ძვ. წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია.

ძველი რუსთავის მნიშვნელობა

რუსთავის ნაქალაქარი

სამწუხაროდ რუსთავი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არაა შესწავლილი, მაგრამ მიუხედავად არქეოლოგიური მასალის სიმცირისა, რუსთავში არცთუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იაღლუჯის მთაზე, სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ძვ. წ. IV—II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი, დიდი მცხეთისა და ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, ხოლო იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი იყო პოლიტიკური ცენტრი.

რუსთავს ანტიკურ ხანაში სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იალღუჯის მთის ჩრდილო აღმოსავლეთ ფერდობზე იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები:

  • აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა
  • სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ
  • სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.

ეს გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოდგენს.

სახელწოდება

მენახირეები იაღლუჯის საძოვრებზე

რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება[4], მოქცევაჲ ქართლისაჲ[5] და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.

IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.

სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლება ორნაირად განვმარტოთ:

  • სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
  • ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.

რუსთავი XII—XIII საუკუნეებში

XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.

XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს[6] რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.

რუსთავის ციხე

Searchtool-80%.png .
რუსთავის ციხე

რუსთავის განადგურების შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები გადარჩა. ციხე იყო თბილისის ირგვლივ აგებულ ციხეთა ერთ-ერთი რგოლი. თავისი არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. თავდაპირველად (V—VIII სს.) ზღუდეს ჰქონია ოთხკუთხა კოშკები, მეორეს, ე. წ. შიდა ზღუდეს, ნახევარწრიული კოშკები. შემდგომ ეს ორივე ზღუდე ერთ ზღუდედ გაუერთიანებიათ (IX—XI სს.). მესამე, ე. წ. გარე ზღუდეს გვირაბიანი კარიბჭე ჰქონია (XII—XIII სს.). ციხის აღმოსავლეთით ერთდოულად ორი ზღუდე ყოფილა. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.

რუსთავის ციხის ნამდვილი სახელი

გასულ საუკუნეში რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია.

XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა — არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან — რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების — არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა. რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი, ან რუსთავის ციხე.

რუსთაველთა საგვარეულო

VIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთსა და რუსთავს და ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აკადემიკოსმა ზ. ალექსიზემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII—XIII საუკუნეების პოეტი შოთა რუსთაველი, შესაძლოა, ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.

რუსთავის აღდგენა

რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1265 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. XX საუკუნის ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მაშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო. ამავე წელს დაარქვეს რუსთავის პირველ ქუჩებს სახელები. პირველ ქუჩას "ახალგაზრდა კომუნარების" სახელი დაერქვა, მეორეს — "რუსთავის მშენებელთა", მესამეს კი — "ბოსტან-ქალაქი".


მოსახლეობა

ქალაქში ცხოვრობს 116,384 ადამიანი[9]. აქედან 13250 კაცი დასაქმებულია მცირე საწარმოებში. 58000 ადამიანი — დიდ საწარმოებში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქართველია, თუმცა არიან სხვა ეროვნებებიც. ძირითადად აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.


ბუნება

ხელოვნური ტბა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში

რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. ახალი რუსთავი (მარჯვენა სანაპირო) შედარებით მშრალი და ცხელია, ვიდრე ძველი. ძველი და ახალი რუსთავი ერთმანეთისგან დაშორებულია 1 კმ-თი. მათ შორის, მტკვრის სანაპიროზე არის რუსთავის ტყე, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.

რუსთავი არის თვითმმართველი ქალაქი. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა ქალაქის საკრებულო (თავმჯდომარე — კახა გურგენიძე), ხოლო აღმასრულებელო ორგანო — მერია (ქალაქის მერი — მამუკა ჩიქოვანი). ადმინისტრაციულად რუსთავი იყოფა 4 ტერიტორიულ ორგანოდ: დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, შოთა რუსთაველის, ჟიული შარტავას სახელობის ტერიტორიული ორგანოები.

ეკონომიკა

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი

რუსთავი XX საუკუნეში საქართველოს უდიდესი სამრეწველო ცენტრი იყო თბილისის შემდეგ. ქალაქმა აღმავლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო: აქ ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო, მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს. ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა. შედეგად, 90-იანი წლების ქალაქისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა უმუშევრობისა და სიღარიბის დონის სწრაფი ზრდის გამო. 2004-06 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, რომელშიც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოექცა. ქალაქის ეკონომიკა ისევ აღმავლობის გზას დაადგა.

მეტალურგიული კომბინატი]

.რუსთავის მეტალურგიული კომბინატი უდიდესი სამრეწველო ცენტრია საქართველოში. მისი აშენება გადაწყდა XX საუკუნის 40-იან წლებში. სპეციალური კომისიის მიერ სამშენებლო მოედნად შერჩეული იქნა რკინიგზის მაგისტრალურ ხაზთან მდებარე სადგურ „ველის“ ტერიტორია. მშენებლობა 1941 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო მალევე შეწყდა. 1944 წელს მისი მშენებლობა განახლდა, მაგრამ რადგანაც ძველი სამშენებლო მოედანი ვერ აკმაყოფილებდა საჭირო მოთხოვნებს, მშენებლობის გადატანა რუსთავის ველზე გადაწყდა. მშენებარე ქარხნის დირექტორად ნიკოლოზ გომელაური დაინიშნა. მშენებელთა რაოდენეობის ზრდასთან ერთად მატულობდა მოსახლეობის რიცხვი, რის შედეგადაც 1946 წლის 25 ივლისს რუსთავი დაბად გამოცხადდა და გარდაბნის რაიონს დაექვემდებარა. 1948 წელს კი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. 1950 წელს მეტალურგიულ ქარხანაში გამოადნეს პირველი ფოლადი, 1954 წელს — თუჯი და კოქსი, 1956 წელს — ამიაკი.

სოციალური მდგომარეობა

ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად მაღალი უმუშევრობის დონის გამო რუსთავში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გაჩერებული მსხვილი საწარმოებიდან გამოთავისუფლებული მუშა-ხელი სხვა სფეროებში დასაქმებას ვერ ახერხებს, რამაც ქალაქიდან კვალიფიცირებული მუშახელის მასიური მიგრაცია განაპირობა. დარჩენილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის (დაუბეგრავი/აღურიცხავი მცირე სამეწარმეო საქმიანობა) ხარჯზე ცხოვრობს.

ბოლო ათწლეულში როგორც საქართველოში, ასევე ქალაქ რუსთავშიც არსებითად შეიცვალა დემოგრაფიულ-სოციალური ვითარება, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებით. მოსახლეობის ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობაში გამოკვეთილი ნეგატიური ტენდენციების გამო (შობადობის შემცირება, გარემიგრაციული პროცესების ინტენსიურობა, მიგრანტთა შორის რეპროდუქტიული ასაკის მოსახლეობის მაღალი წილი და სხვა), გაიზარდა მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი.

კულტურა

რუსთავის პირველი შვიდწლიანი შერეული სკოლა გაიხსნა 1944 წელს. დაწყებით კლასში ირიცხებოდა 4 მოსწავლე, ხოლო ზედა კლასებში — 7-8. სკოლაში მუშაობდა 5 პედაგოგი. 1948 წელს დაარსდა პირველი რვაწლიანი სკოლა (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა). 1967 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1968 წელს შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი.

დღეს ქალაქში 32 სახელმწიფო და 10 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 5 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 3 უმაღლესი სასწავლებელი. აქ ფუნქციონირებს 13 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (რუსთავის თეატრი), 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის), ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის ანსამბლი „რუსთავი“. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“, იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“. რუსთავიდან მაუწყებლობს ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია, გამოდის რამდენიმე გაზეთი.

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი"

"რუსთავი" 1968 წელს დაარსდა. მისი დაარსებიდან 35 წლის არსებობის განამვლობაში ასნამბლმა 3000-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს 50 ქვეყანაში და მნიშვნელოვანი ბურჯი იყო ქართული კულტურის წარმოჩენის უცხოეთში. რუსთავის დასს წარმოდგენები გამართული აქვს მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს საკონცერტო დარბაზში და მაყურებელთა, ისევე როგორც კრიტიკოსთა, აღფრთოვანება დაიმსახურა.